პროგრამის მიზანი:
-
ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების საერთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობა;
-
ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით;
-
ევროპული საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
პროგრამის შესახებ:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, რომელიც გულისხმობს არა მარტო თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან, არამედ ამ თვალსაზრისით ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობას. ევროპის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციები ახორციელებენ საერთაშორისო პროგრამებს, რომლებშიც ჩართულია ათეულ ათასობით ახალგაზრდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს აღნიშნულ პროგრამებში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას. სამოქალაქო პროექტებში (იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხასიათის) ქართველი ახალგაზრდები იღრმავებენ საკუთარ უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და გამოცდილებას, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული ზრდისთვის და განვითარებისათვის. საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა ქართველ ახალგაზრდებს დამატებით აძლევს საშუალებას კავშირები დაამყარონ უცხოელ თანატოლებთან, პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე გაეცნონ მათ კულტურასა და ფასეულობებს, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და წარმატებულები.
,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი'' (European Youth Parliament - EYP) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაარსებიდან (1987 წ.) დღემდე ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის უპირველესი მიზანია ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ-პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება. ორგანიზაცია ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები.