სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის №3 საჯარო სკოლის X2 კლასის მოსწავლეებმა მსოფლიოს ას ქვეყანასთან ერთად აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
ანანო მეტრეველმა ისაუბრა ამ დღის დაარსების ისტორიაზე, თანაკლასელებს გააცნო სლოგანი, რომლის გარშემოც ერთიანდებიან მონაწილეები: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ასევე ისაუბრა ტიტულზე „წიგნის ქომაგი“, რომელიც 2016 წლიდან საქართველოში გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებით უწყობენ ხელს ქვეყანაში წიგნიერების გავრცელებას.
მარიამ ზირაქაძემ, ვაჟა კახნიაშვილმა და მარიამ მაღალდაძემ წაიკითხეს ცნობილი ადამიანების ფრაზები წიგნებზე. ჯერ პირველი კლასის მოსწავლემ ტურიაშვილმა წაიკითხა პატარა მოთხრობა, შემდეგ მარიამ ზირაქაძემ და ლიზი გოჭაშვილმა დამსწრეებს წაუკითხეს ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.
ვახტანგ ბაშარულმა, ელენე ყოჩიშვილმა, გოჩა მამამთავრიშვილმა, მურმან მეტრეველმა როლებში წაიკითხეს ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა „კატა წვიმაში“. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე და ამ ნაწარმოების მნიშვნელობაზე. ბოლოს დამსწრე საზოგადოებაც ჩაერთო კითხვის პროცესში. საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დაასრულა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა ტატიშვილმა, რომელმაც შესანიშნავად წაიკითხა გალაკტიონის ლექსი „ჭარხალი“.